"ბედინა აისი" - ასე მოიხსენიებდნენ თავდაპირველად მას, თუმცა კი დროთა განმავლობაში სიტყვა "აისი" ჩამოშორდა და დღეს მას ყველა ბედინას ეძახის.
მიხეილ ბედინაშვილს ქართული რეპის ერთ-ერთ დამაარსებლად მიიმჩნევენ. დღეს ის ჯგუფ "ისინის" წევრია, ამავდროულად კოლექტივში ყველაზე დამოუკიდებელი პიროვნებაა. რეპერი კონცერტებზე ჯგუფის გარეშე ხშირად გამოდის.
ბედინას წმინდა რეპერის ბიოგრაფია აქვს, ის 5 წლის განმავლობაში ციხეში იჯდა…
რისთვის აღმოჩნდა იქ და როგორ შეძლო მკვლელებთან და კანონიერ ქურდებთან ერთად ცხოვრება, ამაზე თავად ბედინა ისაუბრებს.
ბოლო დროს, გავრცელდა ხმები ჯგუფ "ისინის" დაშლის შესახებ, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს?
არანაირად არ შეესაბამება. "ისინი" არ დაშლილა და არ მესმის საიდან ააგორეს მსგავსი ჭორები.
ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ ჯგუფი დიდი ხანია აღარ ჩანს…
თუ რაღაც პერიოდი ჯგუფი გაჩერებულია, ეს არ ნიშნავს, რომ დაიშალა.
ჩვენზე სიახლეებს სექტემბერში შეიტყობთ. ახლა ვმუშაობთ, ვწერთ ახალ სიმღერებს მეორე ალბომისთვის, რომელიც ალბათ წლის ბოლოს გამოვა.
თქვენი პირველი ალბომი რამდენად წარმატებული იყო?
რაკი ალბომი გამოვიდა, ალბათ, წარმატებულიც იყო. მომდევნო ალბომი თავისთავად უფრო წარმატებული იქნება.
იანვრის თვეში ჯგუფმა ახალი კლიპის გადაღება დაიწყეთ, სადაც, როგორც ვიცი, მასმედიის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ჩვენი ინფორმაციით, გადაღებები მალევე დასრულდა, თუმცა კლიპი ჯერაც არ გვიხილავს. რა არის ამის მიზეზი?
ჯგუფი "ისინი"
კი, გადაღებით მართლაც გადავიღეთ. წყნეთის უპატრონო ბავშვთა სახლშიც ვიყავით ასულები, მაგრამ კლიპი რატომ არ გამოვიდა, არ ვიცი.
უფრო სწორად მალე ვერ მოხერხდა ამ მასალის დამონტაჟება და ალბათ ეს იყო მისი არგამოსვლის მიზეზი.
რამდენიმე კონცერტზე შენ სოლოდ წარდექი მაყურებლის წინაშე…ეს ფაქტი შენი ჯგუფიდან წამოსვლას ხომ არ ნიშნავდა?
არა,"ისინიდან" არ წამოვსულვარ, უბრალოდ, აქ სხვა მომენტია…
მე რეპერი ვარ და ხშირად მიწვევენ კონცერტებზე. ეს იგივეა შენ რომ ერთდროულად ორ სამსახურში მუშაობდე.
ბედინა, დღეს ხშირად საუბრობენ რეპერებს შორის დაპირისპირებაზე, რამაც ერთ-ერთ კონცერტზე აშკარად იჩინა თავი.
იმ კონცერტზე უბრალოდ რაღაც გაუგებრობა მოხდა, რეპერებს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, პირიქით, ყველანი ერთ "სასტავში" ვართ და ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვდგავართ.
საინტერესოა ვინ იყო პირველი რეპერი საქრთველოში?
მე, კაბუ და კიდევ რამდენიმე პიროვნება ვმღეროდით რეპს და ვცდილობდით ეს მიმდინარეობა პოპულარული გაგვეხადა. იგივე საქმეს აკეთებდა ქუთაისში შავი პრინცი "ძებნილებთან" ერთად. დღეს უბრალოდ ბევრმა რეპერმა ერთად მოვიყარეთ თავი და ერთობლივი ძალებით ვაკეთებთ ჩვენს საქმეს.
როგორც ვიცი, შენ წლების განმავლობაში რუსთავის ციხეში იჯექი. როგორ მოხვდი იქ?
კაი საქმეების გამო ადამიანს ციხეში არ სვამენ (იცინის).
ეს მეც ვიცი, მაგრამ ახლა ის მაინტერესებს შენ რა "საგმირო საქმე" ჩაიდინე?
ისეთი არაფერი…
აბა ციხეში პატიმრების სანახავად წაგიყვანეს?
ცხადია არა, უბრალოდ, იარაღის უკანონო ტარებისთვის დამაკავეს.
რამდენი წლის იყავი მაშინ და რამდენი წელი გაატარე ციხეში?
მაშინ 19 წლის ვიყავი. 5 წელი ვიჯექი. ალბათ კიდევ დიდხანს მომიწევდა ჯდომა, ჩემთვის სხვა საქმეებიც რომ "შემოეტენათ", ანუ იარაღის უკანონო ტარებასთან ერთად კიდევ რამდენიმე ბრალდებას მიყენებდნენ. მათ შორის ყაჩაღობაშიც მადანაშაულებდნენ, რაც არ დამიმტკიცდა…
ციხეში გატარებული 5 წელი რამდენად მძიმე აღმოჩნდა?
ციხეში ყოფნა არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველასთვის მძიმეა…თავისთავად გამიჭირდა, მაგრამ ხომ გაგიგია, ადამიანი ყველაფერს ეჩვევაო.
კადრი კლიპიდან
ალბათ სასჯელს სხვა და სხვა ტიპის დამნაშავეებთან ერთად იხდიდი, მათ შორის შეიძლება მკვლელებთანაც… იოლად შეძელი თუ არა საერთო ენის გამონახვა მსგავსი ტიპის ადამიანებთან და რა იყო ყველაზე ძნელად ასატანი ციხეში?
შენ, როგორც ვხვდები, ძალიან გინდა ჩაწვდე პატიმრების ცხოვრებას. კი, ყველანაირ დამნაშავესთან ერთად მიწევდა სასჯელის მოხდა. მათ შორის მკვლელებთან და კანონიერ ქურდებთან. ყველაზე ძნელი ალბათ ამ ხალხთან ერთად ცხოვრება იყო. ძალიან ძნელია ციხიდან ადამიანი ისეთი გამოხვიდე, რომ მერე პატიოსანი და ნორმალური ცხოვრებით ცხოვრება შეძლო. მართალია, მე ეს მოვახერხე, მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და იმის წყალობით, რომ ციხეში უქმად არ დამიკარგავს დრო.
რას გულისხმობ?
იმას, რომ ყოველთვის ვეცნობოდი პრესას, ვიცოდი რა ხდებოდა გარეთ, ანუ დროს არ ჩამოვრჩი და ამის წყალობით ციხედან რომ გამოვედი, დროის აყოლა არ გამჭირვებია…
იცი რა არის? ციხეში გაქვს უამრავი დრო ფიქრისთვის, და პრობლემები ნაკლები, გარეთ კი პრობლემები გაქვს უამრავი და ფიქრისთვის დრო აღარ გრჩება.
ციხეში ჩანაწერებსაც ხომ არ აკეთებდი?
კი, ჩემს განცდებს ყოველდღიურად ავსახავდი რვეულში… და არა მარტო განცდებს. ჩემს ნაწერებში დაწვრილებითაა აღწერილი ციხის ცხოვრება. 5 წლის განმავლობაში თავისთავად ბევრი ნაწერი დამიგროვდა, რომლებსაც ძალიან ვუფრთხილდები და არავის ვაკითხებ. ისე, შეიძლება დადგეს დრო, როცა ჩემს ნაწერებს წიგნად გამოვუშვებ…
საინტერესოა, მანამდე რა ცხოვრებით ცხოვრობდი, ვიდრე ციხეში აღმოჩნდებოდი?
ჩვეულებრივი ქუჩური ცხოვრებით ვცხოვრობდი. დროის უმეტეს ნაწილს უბანში ბირჟაზე ვატარებდი.
იარაღის ტარება "კაი ბიჭობის" დასამტკიცებლად გჭირდებოდა?
კაი ბიჭობა არაფერ შუაშია. მაშინ ძალიან ცუდი პერიოდი იყო. იარაღი თავდაცვის მიზნით მჭირდებოდა.
ყოფილა შემთხვევა, რომ თუნდაც შესაშინებლად ვინმესთვის გისვრია?
არა, არავისთვის მისვრია. აი, მე კი მესროლეს და როგორ გადავრჩი, დღემდე მიკვირს.
ვინ და რატომ გესროლა?
გოგოს გულისთვის მესროლეს, თანაც ზურგიდან, მაგრამ ტყვია საბედნიეროდ რაღაც მილიმეტრებით ამცდა.
ე.ი. ქალის გამო არაერთხელ აღმოჩენილხარ რთულ სიტუაციაში?
კი, ბევრჯერ მიჩხუბია.
ბედინა, არც ისე დიდი ხნის წინ შენ სხეულის მოხატვა გადაწყვიტე და ზურგზე ფრინველთა მეფე, არწივი ამოისვირინგე. საინტერესოა, ციხეში ყოფნისას თუ გაგიკეთებია რაიმე სვირინგი?
კი, როგორ არა. ფეხზე მაქვს სვირინგი, მაგრამ თუ რა, ამას ვერ გაგანდობთ.
მოდი, პირად ცხოვრებასაც შევეხოთ. დაოჯახებას არ აპირებ?
კი, ვაპირებ, მაგრამ შესაბამისი კანიდატურა ვერ მიპოვნია (იცინის).
მაშინ როგორ საცოლეს ეძებ?
პირველ რიგში ქალი ერთგული უნდა იყოს. არ უნდა იყოს ცანცარა და უნდა იცოდეს ოჯახის ფასი. თუ ასეთ ქალბატონს შევხვდები, ოჯახის შექმნაზეც ვიფიქრებ.