რეპი საქართველოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ქართველ რეპერებს ეს ფაქტი იმედს უტოვებს, რომ საკუთარი მონდომების შედეგად რეპს ისევე დაამკვიდრებენ საქართველოში, როგორც დღეს პოპი და სოულია.
I სტერეოს ეთერში ხშირად ტრიალებს ვიდეოკლიპი "ეს ღამე". სიმღერა ახალგაზრდა რეპერ "ღამურას" ეკუთვნის. თუმცა, როგორც გაირკვა, ის დიდი ხანია ამ სფეროში მოღვაწეობს. ხოლო რაც შეეხება დღესდღეობით ყველაზე პოპულარულ რეპერ ლექს-სენს, "ღამურა" მას რეპერად არ აღიარებს. "ლექსოს ცუდი მეწყინება და კარგი არ გამეხარდება", - ხმამაღლა ამბობს ის. როგორ გაეცნობი მკითხველს?
მე ვარ "ღამურა", იგივე ოთარ ჯიმშელეიშვილი. თუმცა ჩემს ნამდვილ სახელს დღეს უკვე იშვიათად მეძახიან. დავიბადე თბილისში 1985 წელს. 19 წლის ვარ.
დედისერთა ხარ?
უმცროსი ძმა მყავს, 14 წლის. ჯერჯერობით სკოლაში სწავლობს. სხვათა შორის, ძალიან სერიოზულად ეკიდება თავის საქმეს და მომავლისთვისაც დიდ გეგმებს სახავს.
ხომ არ აპირებს მომავალში ძმის კვალს გაჰყვეს?
არა, არანაირად. მას სურს დიპლომატი გახდეს, ან ადვოკატი. იმდენად მონდომებულია, რომ მჯერა ამ სურვილს განახორციელებს.
მომავალი დიპლომატი თუ ადვოკატი როგორ აფასებს ძმის საქმიანობას?
საერთოდ, დღევანდელი თაობის წარმომადგენლები ბევრად უფრო დადებითად აფასებენ რეპერთა საქმიანობას და მოღვაწეობას, ვიდრე უფროსი თაობის წამომადგენლები. აქედან გამომდინარე ჩემი ძმაც ჩვეულებრივ უყურებს ჩემს საქმიანობას. იცით რა არის? კაცმა ყველაფერი უნდა ნახო ცხოვრებაში, ქუჩური ცხოვრებაც და სხვაც.
უფროსი თაობისთვის ქუჩა დღეს რაღაც ცუდ გაგებასთან ასოცირდება. არა და, როდესაც კაცი იჩემებს, რომ "ქუჩის ბიჭია", მისთვის პირველ რიგში ზრდილობა და წესიერება უნდა იყოს დამახასიათებელი.
რატომღაც ჯიბის ქურდებსაც, ანუ ე.წ. "კარმანშიკებსაც" "ქუჩის ბიჭები" ჰქვიათ და ეს სიტყვა ამიტომ იწვევს შიშს ჩვეულებრივ ადამიანებში.
იქნებ ამიხსნა რა განსხვავებაა ქუჩის ბიჭსა და "კარმანშიკს" შორის?
"კარმანშიკობა" ჟარგონულად რომ ვთქვათ, უფრო ბაცნობაა, ქუჩის ბიჭი კი უფრო სერიოზულ საქმეებზე მიდის.
სერიოზულ საქმეებში რას გულისხმობ?
სერიოზულ საქმიანობაში ვგულისხმობ, იგივე ბანკის, სახლისა და სხვა რაიმე მსგავსის "გატანას". მე არ ვამბობ, რომ ეს კარგია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაც სიტყვა "ქუჩის ბიჭში" შიშს იწვევს, იმდენად საშიში არ არის.
ე.ი. ჯიბის ქურდი ყაჩაღებზე უფრო მეტად საშიში ყოფილა? შენ ქუჩის ბიჭების რიცხვს მიეკუთვნები?
მე მარტო ჩემზე არ ვილაპარაკებ, საერთოდ, რეპერებზე გეტყვით. ჩვენ ქუჩის ბიჭების რიცხვს არ მივეკუთვნებით, მაგრამ თუ ზოგადად გადავხედავთ დღეს ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ უფრო ახლოს ვართ ქუჩასთან, ვიდრე სხვები.
და მიგაჩნია, რომ ეს კარგია?
კარგი არა, უბრალოდ, ჩვენ დიდი უპირატესობა გვაქვს მსმენელთან, ვიდრე სხვა დანარჩენებს.
რაში გამოიხატება ეს უპირატესობა?
ალბათ იმაში, რომ ჩვენ ყველა მსმენელთან ახლოს ვართ. მათ კი საზოგადოების მხოლოდ გარკვეული ნაწილი უსმენს.
სცენაზე პირველად როდის გახვედი?
9 წლის ასაკში. მაშინ ჯგუფში ვუკრავდი, ეს ჯგუფი 4 კაცისგან შედგებოდა და მე დასარტყამი ინსტრუმენტები მებარა. რეგის სტილს ვუკრავდით. ეს მუსიკა საქართველოში რეპზე მეტად ჩავარდნილი იყო, ამიტომ ვერა და ვერ წავიწიეთ წინ. შემდეგ ჯგუფში რაღაც გაუთვალისწინებელი პრობლემები მოხდა, ზოგი დაოჯახდა, ზოგიც უცხოეთში წავიდა და დავრჩი მარტო. ამის შემდეგ გადავერთე რეპზე, რომლის თაყვანისმცემელიც ყოველთვის ვიყავი. შემდეგ დავიწყე სიმღერების წერა, დავუახლოვდი იმ რეპერებს, ვინც დღეს ყველაზე პოპულარულია: ბედინა, კაბუ, შავი პრინცი და სხვები. საბოლოოდ მივაღწიე იმას, რაც მაშინ მქონდა დასახული მიზნად. ეს მიზანი იყო ჩემი სიტყვის თქმა ხალხისთვის.
და თვლი, რომ შენი სიტყვა ითქვა?
არა, მე კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი, უბრალოდ, იმ პერიოდში დასახული მიზანი განვახორციელე.
"ღამურა" რატომ გქვია?
ფაქტობროვად, ღამურას ცხოვრებით ვცხოვრობ და იმიტომ. დღე მძინავს და ღამე ვცოცხლობ. ღამე ვაკეთებ ჩემს საქმეებს და ა.შ.
ანუ ცხოვრების რიტმი არეული გაქვს. არ გიცდია ამ რიტმის დარეგულირება?
სხვათა შორის კი, იყო პერიოდი, როცა საღამოს 10 საათზე ვიძინედი და დილით 9 საათზე ვიღვიძებდი და ეს დაახლოებით ერთი თვე გაგრძელდა. შემდეგ ისე ჩვეულ ტემპს დავუბრუნდი და დღემდე განვაგრძობ ღამურულ ცხოვრებას.
შენი სიმღერების ავტორი თავად ხარ?
დიახ, ტექსტსაც და მუსიკასაც თავად ვწერ.
შავ პრინცთან დუეტის ჩაწერის იდეა ვისი იყო?
ორივეს იდეა იყო. თან ვიზუალურადაც ვგავართ ერთმანეთს და ჩავთვალეთ, რომ ჩვენი დუეტი საინტერესო იქნებოდა. ვფიქრობ, "მე და ღამე" საინტერესო სიმღერა გამოვიდა.
ამჟამად "ძებნილებთან" ვგეგმავ კიდევ ერთი დუეტის ჩაწერას.
ალბომის გამოშვებას გეგმავ?
კი, როგორ არა, 3 სიმღერა დამრჩა ალბომისთვის. 8 სიმღერა შევა, მათ შორის 2 დუეტი.
საქართველოში დღესდღეობით ყველაზე აღიარებული რეპერი ლექს-სენია…
(მაწყვეტინებს)
გააჩნია ვისგან არის აღიარებული. შეიძლება მისმა მამიდაშვილმა ან ბიძაშვილმა აღიაროს, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს.
ესე იგი 7 მაისს სპორტის სასახლეში მისული 10 000 კაცი სულ ლექსოს ბიძაშვილ-მამიდაშვილები ყოფილან?
იცი რა? მე მაშინ ჩემს აზრს დავაფიქსირებ: როცა ტელევიზიით თამაშდება 500 და 1000 ბილეთი, მე სრულიად უსაქმოდაც რომ ვიყო, ნაჩუქარი ბილეთით აუცილებლად წავალ კონცერტზე…
რაც შეეხება აღიარება-არაღიარებას, მიმაჩნია, რომ ჯერ კოლეგებმა, ანუ იმ სფეროში მოღვაწე ადამიანებმა, უნდა გაღიარონ, შემდეგ კი სხვა დანარჩენმა.
ანუ თქვენ, რეპერები, ლექს-სენს არ აღიარებთ?
პირდაპირ არ გიპასუხებთ, გადატანითი მნიშვნელობით გეტყვით, მე ლექს-სენის ცუდი მეწყინება და კარგი არ გამეხარდება. ეს როგორც უნდა ისე გაიგოს მკითხველმაც და თავად ლექს-სენმაც.
მე ამას ვიძახი რეპის და კოლეგიალურ სისტემაში, პიროვნული თვალსაზრისით არ ვეხები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცუდი მეწყინება და კარგი არ გამეხარდება. ეს არის კონკურენციით წარმოთქმული სიტყვები და მგონი არ უნდა ეწყინოს ლექსოს, რადგან ალბათ ისიც იგივეს იტყვის ნებისმიერ ჩვენთაგანზე.
თუ კონკურენციაზე ჩამოვარდა საუბარი, მაშინ შენ იგივეს გაიმეორებ სხვა რეპერებზეც? მაგალითად, "ძებნილებზე", შავ პრინზე, ბედინაზე…
ცხადია არა, იმიტომ რომ მათთან სულ სხვა ურთიერთობა მაქვს.
საინტერესოა, რატომ არ სცადე იგივე ურთიერთობის დამყარება ლექსოსთანაც?
მე არ დავამყარებ ლექსოსთან ურთიერთობას იმიტომ რომ ჩვენ ვართ, სიტყვაზე ათი კაცი, და ის არის ერთი. ათი ერთთან არ მივა არასდროს, ანუ ის უნდა მოვიდეს ჩვენთან.
თქვენც თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ რეპერები ყველა ერთად ვართ, მხოლოდ ლექს-სენი არის ჩვენს გარეთ. საერთოდ, კაცმა ყველაფერზე წინ პოპულარობა არ უნდა დააყენო. ჩვენი კლიპი დღეში 6-ჯერ თუ ტრიალებს და ლექს-სენის 16-ჯერ, ამის გამო ზევიდან არ უნდა გადმოგვხედოს.