14 წლის ბერა მილიარდერ ბიძინა ივანაშვილის ოთხი შვილიდან ერთ–ერთია. მისი უფროსი ძმა 16 წლისაა, უმცროსი და – 12–ის, ნაბოლარა ძმა კი – 3–ის. ბერა საფრანგეთში დაიბადა. სკოლაში იქ დადიოდა, მაგრამ საქართველო ყველაფერს ურჩევნია და აქ აპირებს თავისი გეგმების განხორციელებას. ცნობილი ბიზნესმენის ვაჟი პოეტური ბუნების ბიჭია, დინჯი და უშუალო. ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარია. პატარა ასაკიდან ლექსებს წერს, ფრანგულ ენაზე კრებულიც აქვს გამოშვებული. სერიოზულად არის გატაცებული რეპით, საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდიაც აქვს. რეპის ვარსკვლავებთან – ქულიო, იქსიბითი, ჯა რული და ჯიმ ჯოინსი, რომლებიც თბილისში იყვნენ ჩამოსული, დამეგობრება და სიმღერის ჩაწერაც მოასწრო. ერთ–ერთ თბილისურ კლუბში უკვე გააცნო თავი საზოგადოებას რეპერის ამპლუაში. თავის გატაცებაზე ბერას დაუსრულებლად და დიდი სიყვარულით შეუძლია ლაპარაკი.
– ბერა, როგორც ვიცი, სიმღერები უკვე ჩაწერილი გაქვს. როდის გამოიტან საზოგადოების წინაშე?
– ახლა ერთ პროექტზე დავიწყეთ მუშაობა. როცა სიმღერები გაკეთდა, მოვისმინეთ და მივხვდით, რომ იმის პოტენციალი იყო, საზღვარგარეთ გაგვეტანა. გადავწყვიტეთ, ხმის ჩამწერი სტუდია შეგვეცვალა, ახალი აპარატურით გაგვეახლებინა. სამი თვეა რემონტი მიმდინარეობს, ბოლო დეტალების კორექტირებას ვაკეთებთ. დუეტი ჩავწერე ქულიოსთან, იქსიბითთან, ჯა რულთან და ორი დუეტი ჯიმ ჯოინსთან. ჯერ კიდევ დასამთავრებელია, ამიტომ რადიოში ვერ გავიტან. თუ ჩავთვლით ყველა იმ ნამუშევარს, რომელიც ჯერჯერობით დასამთავრებელია და რასაც გასართობად ვწერდი, ალბათ ათი ალბომის გამოსაშვები მასალა შეიკრიბება. სერიოზულად რაც დავიწყე მუშაობა, სხვანაირად ვუყურებ ამ სიმღერებს, ჩემს თავს პატივს ვცემ და მასებზე ვერ გავიტან, თუმცა მანქანაში და სამეგობროში შემიძლია მოვისმინო. ერთ კვირაში უკვე დაგეგმილი გვაქვს პირველი სიმღერის ჩაწერა, რომელსაც საზოგადოების წინაშე გამოვიტან.
– გვიამბეთ, როგორ ჩაწერეთ დუეტები ცნობილ რეპერებთან.
– იქსიბითი რომ ჩამოვიდა, ჯიგრული დახვედრა მოვუწყვეთ. ვუთხარი, ხმის ჩამწერი სტუდია გვაქვს ახალი აწყობილი, მოდი, ერთად ვიმუშაოთ და რამე გავაკეთოთ–მეთქი. კარგ განწყობაზე იყო. ადამიანურად გავუგეთ ერთმანეთს და საინტერესო იყო, რამდენად გავუგებდით მუსიკის მხრივ. მოვასმენინეთ ფონოგრამები. იმ ფონოგრამაზე შემაჩერა, რომელსაც თითქმის დარწმუნებული ვიყავი, არ აირჩევდა. უცებ ფურცელი და პასტა მოითხოვა, ტექსტი სწრაფად დაწერა, შევიდა სტუდიაში და სიმღერა ლამის ნახევრ საათში დაამთავრა. ქულიო უფრო გახსნილი იყო. წინასწარ შევთავაზეთ სიმღერის ჩაწერა. მისთვის უკვე ნათქვამი ჰქონდა იქსიბითს, რომ კარგად დახვდნენ თბილისში. ერთი კურიოზული ფაქტიც მოხდა, იქსიბითს სნუფ დოგისთვის დაურეკავს, საქართველოში ახალგაზრდა ბიჭია და 7 ენაზე რეპავს კარგადო. არადა, 7 ენაზე არ ვრეპავ და ლეგენდებს ქმნიან... (იცინის). ქულიო კარგი განწყობით იყო ჩამოსული და შორიდან იყო დაგეგმილი, რა სიმღერა ჩაიწერებოდა. ჯიმ ჯოინსი მართლა სასწაული იყო! მისი ფანი ვარ. ყველა სიმღერა ვიცოდი ზეპირად. მისი ბოლო ალბომი მთლიანად მომწონს და ამ თემაზე ჩამოსვლისთანავე დავუწყე ლაპარაკი, რის გამოც თვითონაც გული გაგვიხსნა. გულიანი ბიჭი და ჩემთვის სამაგალითო კაცია, საერთოდ არ იმჩნევს ვარსკვლავობას. დაშორებისას მითხრა, ჩემი პატარა ძმა ხარ და ყველაფერში დაგეხმარები, რასაც მოინდომებო. სტუდიაში რომ შემოვიდა, მითხრა, თემა აირჩიე, როგორც გინდა, ისე გავრეპოთ და, თუ გინდა, ოთხი სიმღერაც ჩავწეროთ ერთადო. ჯიმ ჯოუნსთან მომავალშიც ვაპირებთ ვითანამშრომლოთ, სკაიპითა და ტელეფონით მუდმივი კავშირი გვაქვს. მომავალში მასთან შეხვედრასაც ვაპირებ ნიუ იორკში.
რაც შეეხება ჯა რულს, ეს სულ სხვა თემაა. თავიდან თმის ფერი მოეწონა ჩემი და მაშინვე დაინტერესდა. ცოტა სხვანაირი ტიპია ჯა რული, რადგან მდიდარ ოჯახშია გაზრდილი. დიდი ხანია ბიზნესშია და მხოლოდ ის აინტერესებს, ჰიტი გააკეთოს. თავიდან მასთან კარგად ვერ ავეწყვეთ. მერე სტუდიაში ფონოგრამის არჩევისას იმპროვიზებული გარეპვა დავიწყე. ამაზე მისი ბექ ვოკალისტი მონტანა ამყვა და დაახლოებით ნახევარი საათი დაუღალავად ვრეპავდით. გვერდითა ოთახიდან ჯა რულმა ჯერ გვიყურა, მერე გაეცინა, შუაში ჩაგვიდგა, ხელი გადაგვხვია და აგვყვა. ექვსი საათი ვიყავით სტუდიაში, უძლიერესი სიმღერა გამოგვივიდა.
– ოჯახის წევრებს მოსწონთ თქვენი არჩევანი?
– თავიდან ეს მიმდინარეობა ახალი იყო ჩემი ოჯახის წევრებისთვის. რეპი იმ დონეზე არ არის საქართველოში გავრცელებული, რომ ტრადიციულმა ოჯახმა კარგად იცოდეს. უფრო ხალხური და ქართული სიმღერებით არიან დაინტერესებული. ახლა შემიძლია ვთქვა, რეპი ოჯახის წევრებს შევაყვარე. ჩემი ოთახიდან სულ ისმის ეს მუსიკა. ოჯახის წევრები პატივს მცემენ, იციან, სისულელეს არ მივედ–მოვედებოდი.
– თმის გაზრდა მას შემდეგ გადაწყვიტე, რაც რეპერობაზე დაიწყე ფიქრი?
– თმის განსხვავებული ფერი მაქვს და ბავშვობიდან მეუბნებოდნენ სტილისტები, თმა გაიზარდეო. პატარა რომ ვიყავი, ამის ინტერესი არ მქონდა. რომ წამოვიზარდე, მოდას და ჩაცმას ყურადღება მივაქციე. ვიფიქრე, განსხვავებული ფერის თმა მაქვს და საინტერესოა, როგორი იქნება, რომ გავიზარდო–მეთქი. ოთხი წელია გრძელი თმა მაქვს, მომწონს და არ ვიჭრი.
– მამასთან, ბატონ ბიძინასთან როგორი ურთიერთობა გაქვს, მკაცრი მამა ხომ არ არის?
– მამა ჩემი ძალიან ახლო მეგობარია, შემიძლია ვთქვა, რომ უახლოესი ძმაკაცია. სიმკაცრის გამოჩენა არ უწევს, რადგან არ ვიმსახურებ. როცა ჩემი სიმღერები მიმაქვს სახლში, უხარია და მოსწონს.
– საქართველოში დიდ დროს ატარებ?
– ახლა დიდ დროს ვატარებ, ადრე უფრო ხშირად ვიყავი საფრანგეთში. ახლა აქ მაქვს ძირითადი საცხოვრებელი. საქართველოში პროექტი დავიწყეთ. მოვიკრიბე გარშემო ნიჭიერი ახალგაზრდები. ბევრს ჰგონია, ქართველი რეპერები მაგრები არ არიან. ბევრის სახელი ჯერ ცნობილი არ არის, არადა ძალიან ნიჭიერები არიან, თუმცა გასაქანი არ არის. შემოსავალი არ აქვთ და ინტერესიც იკარგება, ამიტომ რეპი ჰობის დონეზე რჩება. თქვენთვის ნაცნობი რეპერებიდან ძვალთან აქტიურად ვთანამშრომლობ, მაგარი ძმაკაცია. ახლა ბევრად მომწიფდა, როგორც შემსრულებელი. ცოტა ხანში ნახავთ, მისგან როგორი რეპერი გამოვა.
– საქართველოში ცხოვრება მოგწონს? ევროპას რომ შეადარო, რა დასკვნას გააკეთებდი?
– საქართველოში თავს სახლში ვგრძნობ. შეიძლება ეს გეუცნაუროთ, მაგრამ ქართველს ლაპარაკი სხვანაირად ესმის და ახსნა აღარ არის საჭირო. ფრანგული ნაციონალობაც მაქვს, ბევრს ვიცნობ იქ, სკოლა იქ დავამთავრე, არანაირი კომპლექსი არ შემქმნია ქართველობის გამო, მაგრამ ჩვენი სუფთა ურთიერთობებით ძალიან განვსხვავდებით მათგან. ჩვენ მეგობრობაში, სტუმართმოყვარეობაში უკეთესები ვართ.
ყველა რეპერს მოეწონა ქართული სუფრა. ჯა რულმა პირდაპირ თქვა, საქართველოში სიამოვნებით ვიცხოვრებდი, მაგარი გულიანი ხალხი ხართო. წასვლის წინ ამიყვანა ოთახში, 15 წუთი მელაპარაკა, თქვენნაირი გულიანი ხალხი იშვიათია და ბიზნესმა არ გაგაფუჭოთო. სიმდიდრე მარტო ფულით არ გამოიხატება, ქართველებს ბევრი სხვა რამ გვაქვს.
– შენს ასაკში ქართველი ბიჭების უმეტესობას ალკოჰოლი, მოსაწევი უკვე გასინჯული აქვს. შენ?
– დალევა ჯანმრთელობისთვის კარგი არ არის. ჯობია ახალგაზრდები სპორტით დავკავდეთ. სიგარეტი არც გამისინჯავს და არც ვაპირებ გასინჯვას. დალევას რაც შეეხება, მირჩევნია, საღ გონებაზე ვიყო და სიტუაცია ვაკონტროლო, რომ ისეთი რამე არ გავაკეთო, მერე ვინანო. უახლოესი ძმაკაცების წრეში შემიძლია ცოტა დავლიო, რადგან ამით არაფერი გაფუჭდება.
– როგორი გოგონები მოგწონს?
– საყვარელი გოგონები მომწონს. ქერა ან შავგვრემანი – ასე ვერ ვიტყვი, ზოგჯერ ვერც ვხსნი, რის გამო მომწონს ესა თუ ის გოგო.
– შეყვარებული გყავს?
– ყველაფერი შედარებითია. სერიოზული შეყვარებული ჯერ არ ვყოფილვარ.
– ამ ეტაპზე არის გოგო, რომლითაც დაინტერესებული ხარ?
– ალბათ არის.
– შენს ასაკში ამაზე ფიქრი ძალიან ადრეა, მაგრამ მაინც ალბათ გაქვს შენი აზრი დაქორწინებასა და ოჯახის შექმნაზე.
– საქართველოში ბიჭებს ადრე მოჰყავთ ცოლი, რაც არასწორად მიმაჩნია, ამის გამო ღალატის ფაქტები ხშირია. მირჩევნია, ცოლი საერთოდ არ მოვიყვანო, ვიდრე მყავდეს და მას ვღალატობდე. რაც უნდა ჭკვიანი და წარმატებული იყო, 27–30 წლამდე ცოლის მოყვანა ნაადრევია. ქართველი ცოლი მინდა, რადგან ოჯახშიც უფრო მიიღებენ ჩემები, უცხოელთან კი გაუგებრობები მენტალიტეტის გამო სულ მექნება. ქართველებმა სიყვარულიც სხვანაირად ვიცით.
– მამას უყვები, როცა ვინმე მოგწონს?
– გააჩნია შემთხვევას. თუ რჩევა მჭირდება, პირველ რიგში, მამასთან მივდივარ, არ მერიდება. თუ არასერიოზული ისტორიაა, მამა ისეთი მოცლილი არ არის, რომ ყველა ჩემს გატაცებაზე მოვუყვე. სიყვარულისა და ქალების თემას მამასთან არ ვარჩევ.
– როცა ფული გჭირდება, მამას ართმევ?
– გააჩნია სიტუაციას. ხარჯვა მიყვარს, როცა მთელი საძმაკაცო ვართ და ყველა მინდა ვასიამოვნო. არ მერიდება ოჯახში ფულის თხოვნა. იციან, სისულელეს არ გავაკეთებ. პასუხს ვაგებ ჩემს ქცევაზე, არ ვეწევი, არ ვსვამ და არ ვჩხუბობ.