New York Post-ის ინფორმაციით, კენი ვესტს 12 სექტემბერს ლოს-ანჯელესში MTV Video Music Awards-ის დაჯილდოების ცერემონიალზე გამოსვლის უფლება მისცეს.
შეგახსენებთ, რომ დაჯილდოების უკანასკნელ ღონისძიებაზე ვესტი უსიამოვნო ინციდენტის ავტორი გახლდათ. როდესაც ქანთრი მომღერალი ტეილორ სვიფტი ნომინაციის „საუკეთესო ვიდეო-შემსრულებელი“ გამარჯვებულად დასახელდა და სცენაზე მადლობის მოსახდელად ავიდა, რეპერმა მიკროფონი გამოსტაცა და განაცხადა რომ „ბიონსეს ვიდეორგოლი მისას ნამდვილად სჯობდა“.
სვიფტმა სიტყვის დასრულება ვერ შეძლო, მომხდარს კი, დიდი გამოხმაურება მოჰყვა: რეპერის რამოდენიმე კოლეგამ (მაგ: Jay Z) ღიად განაცხადა, რომ მისი საქციელი არასწორი იყო. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა კი, რეპერს ბოიკოტი გამოუცხადეს.
ასეა თუ ისე, MTV VMA 2010-ის ორგანიზატორებმა ვესტს ღონისძიებაში მონაწილეობა შესთავაზეს და ისიც დათანხმდა. უკვე ცნობილია, რომ დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობას აგრეთვე მიიღებენ Florence and the Machine და რეპერი Drake.