მსახიობი და რეპერი, კახა აბუაშვილი ანუ კაბუ, შეიძლება ითქვას, ქართველ გოგონებზე გულაცრუებულია. მისი აზრით, ბოლო დროს მათ შორის უზრდელები მომრავლდნენ. კახა ფიქრობს, რომ, საქართველოში ჯერჯერობით არ არის ევროპის ადგილი და აღიზიანებენ ის ადამიანები, რომელთაც უცხოეთიდან პირდაპირ გადმოაქვთ იქაური ცხოვრების წესი. ცოლთან გაყრილი რეპერი დაოჯახებას აღარ აპირებს, მაგრამ მაინც იტოვებს იმედს, რომ შეიძლება გამოჩნდეს ქალი, ვინც ჭკვიანად მოიქცევა და კაბუ მას "კანფეტებს აჩუქებს". უფრო ვრცლად მისი მშვენიერი ლედის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ. – კახა, სანამ უშუალოდ ჩვენს რუბრიკაზე გადავალთ, გვითხარით, რა სიახლეებია თქვენს შემოქმედებაში? – ვმონაწილეობ სპექტაკლ "ფაუსტში". თოჯინებით არის გაკეთებული და მათ ვახმოვანებთ. თოჯინებიც თამაშობენ და ჩვენც. ძალიან საინტერესო, საპასუხისმგებლო და ჩემთვის სასიხარულო სამუშაოა. ამას ძალიან დიდი ხანი ველოდი. რაღაც პერიოდი სერიოზული ჩავარდნა მქონდა, მოწყვეტილი ვიყავი ამ სამყაროს, რომელიც, მარტივად რომ ვთქვა, ძალიან მიყვარს. – რაც შეეხება სიმღერას, ახალი ხომ არაფერი ჩაგიწერიათ? – კი, ჩავწერე ახალი სიმღერა და საერთოდ ალბომის გამოშვებას ვაპირებ, რომელსაც "ცრემლიანი აგვისტო" ერქმევა. ცოტა ბანალურად ჟღერს, მაგრამ არ იქნება ბანალური. რა თქმა უნდა, ეს ალბომი იმ მოვლენებს შეეხება, რაზეც მკითხველი გაიფიქრებს სახელის წაკითხვისას, მაგრამ თუ მოუსმენენ, მიხვდებიან, რომ საერთოდ არ იქნება ლაპარაკი არც ომზე და არც პოლიტიკაზე. შეიძლება პატარა წკიპურტი გავკრა პოლიტიკას. უფრო მეგობრებს, მშობლებს და ვისაც ვუყვარვარ, იმ ხალხს მივუძღვნი. ცოტას, სულ ცოტას ჩემს თავზეც ვილაპარაკებ. – წარმატებებს გისურვებთ. ახლა კი მოდით, ჩვენს რუბრიკას მივხედოთ. როცა პირველად ხედავთ, რა კრიტერიუმებით აფასებთ ქალს, რა შემთხვევაში უწოდებთ მას მშვენიერს? – არ მიძებნია მშვენიერება და რაღაც გული მწყდება, რომ საერთოდ საძებარი გახდა. რომ გგონია, ადამიანს კარგად ვიცნობო, აღმოჩნდება, რომ საშინელი ადამიანია. ამ დროს, ერთი შეხედვით, მშვენიერი კარგი გოგოა. – საშინელებაში რას გულისხმობთ? – იქიდან დავიწყებ, რომ ძალიან უზრდელები არიან. ეტყობა, ბევრ ფილმს და სერიალს რომ უყურებენ, სადაც "მადა ფაქას" ამბობენ, ჰგონიათ, ეს აქაც მოსულა. ამას ვერ ვეგუები, არ შემიძლია, მზარავს, "შე ჩემა"–ს და ასეთ რაღაცეებს რომ ეძახიან ერთმანეთს. არ ვიცი, აქ გოგო როგორ შეიძლება გაზარდო... საერთოდ აღარ მინდა საუბარი ქალზე. ამ ბოლო დროს ვფიქრობ, რომ უნდა დაიჭირო რაღაც მომენტი, ქალი წაიყვანო, მერე ისევ გაუშვა მარტივად და დაამთავრო. – ანუ ოჯახის შექმნაზე აღარ ფიქრობთ? – აღარასოდეს. არ ვამბობ, რომ ქალის იდეალს ვეძებ და არც ვფიქრობ, რომ საერთოდ შეიძლება იდეალური ქალი არსებობდეს. შედარებით ისეთი თუ გამოჩნდება, ჭკვიანად რომ მოიქცევა, კანფეტებს ვაჩუქებ. – რას ნიშნავს "ჭკვიანად მოქცევა"? – რომ გამიცნობენ, თვითონ მიხვდებიან. არ მინდა, ჩამონათვალი გავაკეთო, როგორ უნდა მოიქცნენ. – მაშინ მე გათქმევინებთ. ინტელექტუალ ქალებზე რას ფიქრობთ? ხშირად ამბობენ, რომ მამაკაცები ღიზიანდებიან მათზე ჭკვიან ქალთან ურთიერთობისას. – რა სისულელეა! იცით, რა არის? სიჭკვიანე სიბოროტეში არ უნდა გადაეზარდოს. ცუდად არ უნდა გამოიყენოს, თორემ უტვინო ქალთან ურთიერთობა რა არის?! უტვინო ქალებზე მქონდა ახლა საუბარი, უზრდელები რომ არიან და თავში "ბამბაში ვიყავის" გარდა, რომ არაფერი აქვთ. გული მერევა, ამით რომ იწყებენ ლაპარაკს და ამით ამთავრებენ. და კიდევ, როდის ექნებათ "პაკაზი". სექსის მერე რა უნდა ქნა? ყავა მომიდუღეო, ეტყვი და გკითხავს, ყავა რა არისო. რაღაცაზე ხომ უნდა ესაუბრო? მე უნდა ვისწავლო რაღაც მისგან და მან კიდევ ჩემგან უნდა ისწავლოს. – შეგხვედრიათ თქვენზე ჭკვიანი ქალი? – რამდენჯერაც გინდათ, მაგრამ ახლო ურთიერთობა არ მქონია. თუ ჭკვიანი ქალის რჩევა სწორად გაიგე, წინ წახვალ. მაგრამ არ მესმის ის ამბავი, რომ ქალი და კაცი თანასწორია. – რატომ, გენდერულ თანასწორობას არ ეთანხმებით? – არ არის თანასწორი. მაშინ მეჭიდაოს და მოვუგებ. ახლა პირდაპირი მნიშვნელობით გითხარით, მაგრამ, საერთოდ, ქალებმა თავიანთ თავს რაღაც უფლებები რომ მისცეს, არ უნდა მიეცათ. – რატომ, უუფლებოდ უნდა ყოფილიყვნენ და ასე ჯობდა? – ბევრი რამ აიღეს თავიანთ თავზე ქალებმა. თუნდაც ის, ბიჭი რომ უყვარს, უფლება აქვს, მეორე გოგოს დანა დაარტყას. იცით, რა ვერ გაიგო ამ ხალხმა? რომ აქ, ამ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობენ, ევროპა აბსოლუტურად ზედმეტია, ანუ სწორად ვერ იგებენ დემოკრატიას, ქალის და კაცის თანასწორობა საერთოდ არ ესმით, უკომპლექსობა კი უზრდელობა ჰგონიათ. აქ არ გამოდის ასეთი რაღაცეები. ამისთვის გარკვეული ქვეყნები ძალიან დიდი ხანი ემზადებოდნენ და თან, ცოტა უფრო ცივილიზებულად. ეს ჩვენი ბრალიც არის. თავიდან, საბჭოთა კავშირი რომ იყო, ჩუმად უყურებდნენ რაღაც–რაღაცეებს. მერე ზვიადი მოვიდა და საერთოდ აირივნენ. ახლა მოვიდა მიშა და იძახის, ამერიკაში ვართო. არ ვართ ამერიკაში! თუ ამერიკაში ვართ, რატომ ჰგონიათ ქართველ ახალგაზრდებს, რომ კლუბში წასვლა, დათრობა და ჩხუბი გართობაა? – შეიძლება ითქვას, რომ აზიატი ხართ? – ყველა ეგრეა! ვინც ამბობს, რომ ძალიან თანამედროვეა, ისიც კი აზიატია. სხვა სისხლი გვიჩქეფს. ახლა არ მიკეთია, მაგრამ საერთოდ საყურით დავდივარ. მიუხედავად ამისა, ქართულ სუფრასთანაც დავჯდები, სადღეგრძელოსაც ვიტყვი, კაი ბარკალსაც გავღმურძლი და მწვადსაც შევჭამ ხელით. ზევიდან კიდევ ფრაკსაც ჩავიცვამ და ფესტივალების გახსნაზე წავალ "სვეტსკად", მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. რომ ვიცი, ჩემი საყურის გამო შეიძლება ჩემს ძმაკაცებს შარი მოუვიდეთ, მოვიხსნი, რა. მათ პატივს ვცემ. – იყო დრო, როცა ქალი სახლში დიასახლისობას სჯერდებოდა, დღეს კი მაღალ თანამდებობებზეც შეიძლება ვიხილოთ. რას ფიქრობთ ამაზე? – როცა თქვეს, ქალები აღარ გვინდა სამზარეულოშიო, იქიდან გამოვიდნენ და ისეთ ადგილებში ჩაძვრნენ, რომ ნუ, აღარ ვიცი!.. რა თქმა უნდა, ქალი მხოლოდ სამზარეულოში არ უნდა იყოს. მაშინ სარეცხი მანქანა უნდა მიაწერო. არ არის სწორი, რომ ქალი მხოლოდ დიასახლისი იყოს, მაგრამ სურათი ასეთია: ქართველ ქალს რომ სამზარეულოს კარი გაუღეს, იმხელა კედელს დაეჯახნენ, დღესაც არ არიან აზრზე. – რა შემთხვევაში ვერ უწოდებთ ქალს მშვენიერს? – რა ტენდენცია მიდის, იცით? რომ სიტყვა "კაი ტიპი" კომპლიმენტად იქცა. სხვა კუთხიდან უყურებენ ქალები ყველაფერს. ზის, გიყურებს და ფიქრობს, რამდენი გიდევს საფულეში ან რა მანქანით გახვალ მერე ეზოდან. ასეთ ქალს ვერ ვუწოდებ მშვენიერს. არ ვამბობ, რომ მარტო ასეთი ქალები არიან საქართველოში, მაშინ ნამდვილად დავიღუპებოდით. – თქვენი აზრით, ქალი აუცილებლად უნდა აკეთებდეს გემრიელ სადილებს? – ეს არ არის მთავარი. თუ მე მენდომება, მერეც შეუძლია ისწავლოს. თუ არ ისწავლის, ე.ი. პატივს არ მცემს და პატივს თუ არ მცემს, ე.ი. მერქაგრეხილება. დედამისს ერქაგრეხილოს! სხვას ვნახავ, ვინც იცის. ქალი დაილია?! თუმცა აუცილებელი არ არის, ხინკალი მომიხვიოს და სახლში ჩაქაფული დამახვედროს. ასე ვიტყვი – მე რომ ქალი ვიყო და საყვარელ მამაკაცს გავყვე ცოლად, უბრალოდ რომ წამოსცდეს, რაღაც კერძი უყვარს, იმ წამსვე ვისწავლი იმის მომზადებას. – როგორ უნდა იცვამდეს თქვენი მოსაწონი ქალი? – ერთხელ მე და ჩემი მეგობრები თბილისის ზღვაზე ავედით. ძალიან მაგარი და ლამაზი გოგო დავინახე. ვიდექი და გამოშტერებული ვუყურებდი. დავიწვი მზეზე. ადგა ის გოგო, ჩაიცვა და გული ამერია. ეს რა ვნახე! ისე ეცვა, როგორც იმათ, ვაშლს რომ ყიდიან. საშინელება იყო. არადა ისეთი გოგო იყო, ვიფიქრე, ერთი კვირით მომცა და ხელს არ დავადებ, უბრალოდ ვეტყვი, აქ იყოს–მეთქი. და რა ჩაიცვა... მართლა გულით შემეცოდა. – ქართველი ცნობილი ქალებიდან ვის უწოდებთ მშვენიერს? – ყველას ვიცნობ და ვიღაცას რაღაცნაირად ვერ გამოვყოფ. – მაშინ უცხოელი ცნობილი ქალებიდან ვინ მოგწონთ? არავის იცნობთ და არ ეწყინებათ. – ადრიანა ლიმა მომწონს, შარლიზ ტერონი. ძალიან მომწონს მონიკა ბელუჩი, ჩემი შეყვარებულია. სასწაული ქალია! – თუ აქცევთ ისეთ დეტალებს ყურადღებას, როგორიცაა თმის ფერი, წონა და ა.შ. – თმის ფერს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ წონა ყურადღებამისაქცევია. თუ ქალი ავად არის, სხვა ამბავია, მაგრამ, იცით, როგორი ქალების არ მესმის? "მიდი, კაცო, ჭამე, გავსუქდები და მაგის დედაც!"... და ძალიან მესმის იმ გოგოების, სიმსუქნისკენ მიდრეკილება რომ აქვთ და სულ შიმშილობენ. თანავუგრძნობ. როცა ქალი საკუთარ თავს პატივს არ სცემს, სხვასაც ვერ სცემს პატივს.
|