ხუთშაბათი, 21.11.2024, 12:36
მოგესალმები GUEST | RSS

www.RapClub.my1.ru

საიტის მენიუ

მთავარი » 2010 » აპრილი » 29 » კაბუ
19:35
კაბუ

მის გვერდით ვერ მოიწყენთ, თუ, რა თქმა უნდა, თავადვე არ არის მოწყენილი. ამბობს, რომ "პრიატნი" ადამიანია და გული სწყდება, როდესაც ხალხს ისევ წამალზე დამოკიდებული ჰგონია... ხანგრძლივი ძილის შემდეგ, როდესაც გაიღვიძა, ძალიან განსხვავებული და არასასიამოვნო სიტუაცია დახვდა, რამაც დაბოღმა... მიაჩნია რომ მღვრიე წყალმა ჩაითრია, მაგრამ მორევს თავი მაინც დააღწია. დღეს კი ცხოვრებას ისე აპირებს, როგორც საქართველოს თანამედროვე მოქალაქეს შეეფერება. კაბუ ახალ ალბომს წერს და სულ მალე, ახალ ამპლუაშიც მოგვევლინება. მასთან ინტერვიუზეც სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ მივედი, მაგრამ ამით არ შემოვფარგლულვართ.

- დიდი ხანია, არ მინახავხარ, როგორ ხარ?
- კარგად ვარ, ჯანმრთელად, ბედნიერად (იღიმის)... ვმუშაობ: მარჯანიშვილის თეატრში 2 სპექტაკლში ვთამაშობ - "ხანუმასა" და "ფაუსტში". ჭოლა ალბათ მალე დაიწყებს ახალ სპექტაკლზე მუშაობას და დიდი იმედი მაქვს, რომ იქაც დავკავდები. კიდევ ერთი სიახლე მაქვს - მალე ალბათ ტელევიზიაშიც დავიწყებ მუშაობას...

- ო-ო, ეს რაღაც ახალია! გადაცემის წაყვანა მოგიწევს?
- საერთოდ, ტელევიზია ჩემი საქმე არ არის, არასოდეს ვყოფილვარ "ტელევიზიონშიკი" მაგრამ... რატომაც არა?! ძალიან საინტერესო იქნება, როგორც ჩემთვის, ასევე ტელევიზიის მესვეურთათვისაც (იღიმის). ტელეკამერასთან ჩემი ურთიერთობა ზოგს მოსწონს, ზოგსაც - არა. ვნახოთ, დიდი შანსია იმისა, რომ მაყურებელს ტელეეკრანიდან მივესალმო, მაგრამ რატომღაც მგონია, ჩემი ადგილი მაინც კინოსა და თეატრშია, როლები მინდა, კინო - ჩემი ცხოვრებაა!

- როგორი ფორმატის გადაცემის წამყვანად გამზადებენ?
- სიმართლე გითხრა, ჯერ თავადაც არ ვიცი. ვერ ვიქნები ისეთი გადაცემის წამყვანი, სადაც "მკაცრი ბიძია" ვიქნები, ცივი თვალებითა და შუშის "გამომეტყველებით" ვერ დავჯდები ეთერში. დიდი სიამოვნებით წავიყვან ისეთ გადაცემას, სადაც ბევრს ვიმხიარულებ, გავერთობი და პროდიუსერები "მასხრობის ლიმიტს" არ დამიწესებენ (იცინის). ყველა ფორმატს ვერ მოვერგები. ვნახოთ, ჯერ მხოლოდ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მე და "თიბისი ტვ" სტუდია (იცინის)...

- მახსოვს, გახმოვანებაზეც მუშაობდი...
- უჰ, მართლა მაგარი დრო იყო (იცინის)! სამწუხაროდ, სერიალების გამხმოვანებლად ვერ ვივარგე. "ქალბატონო ემანუელა, ცხენები უკვე შევკაზმე!" - ასეთი ფრაზების თქმა ჩემთვის, სიკვდილია. გახსოვს, მულტფილმი "ტყის საძმო"? იქ დათვს ვახმოვანებდი და მართლაც, ნორმალურად გავართვი მაგ საქმეს თავი. რომელიმე ტელევიზიის ხმა ვერაფრით გავხდები, ჩემი საქმე "ყველაფრისტობა" არაა, ისიც მყოფნის, ორ საქმეს ერთად რომ ვეჭიდები. ისეთი ხელოსნებისაც არ მწამს, ყველაფერს ვაკეთებთო, რომ ამბობენ... ასეთ ადამიანებს არაფერზე დავაკარებინებ ხელს. ერთი კონკრეტული საქმე რომ იციან კარგად, აი ასეთი ადამიანები მიყვარს.

- კაბუ, დღევანდელ, "მიძინებულ" შოუბიზნესზე რას მეტყვი?
- საქართველოში შოუბიზნესის აღორძინება შეიძლება.

- ხალხს ფული არა აქვს, კონცერტზე ვინ მოვაო?! - ამბობენ.
- რამდენის შესაძლებლობაც აქვთ, იმდენი დააფასე ბილეთი და როგორ არ მოვა მსმენელი?! სამწუხაროდ, არ გვცალია შოუბიზნესისთვის - ჯერ საქართველო გვაქვს დასაბრუნებელი. ეს სფერო იმ ქვეყნებშია აყვავებული, სადაც ყველაფერი შედარებით კარგადაა. დღეს კი ჩვენში ჯერ სხვა რამეები ლაგდება...

სიმართლე გითხრა, კარგი თაობა მოდის და მისი იმედი მაქვს. მომღერლები ამბობენ, - ფული არ გვაქვს, სიმღერებს ვერ ვწერთო... ადრე, როდესაც სრული დატვირთვით ვმუშაობდით, ფული გვქონდა?! მაგრამ მაინც ვაკეთებდით რაღაცას... სირცხვილია ძველი სიმღერების მღერა. სატელევიზიო შოუებში ორ სიმღერას ჩაწერენ, "ჯეოზუმერში" გაუშვებენ და ფულს იღებენ. არც ერთ რაიონში არ გადიან კონცერტის ჩასატარებლად, ყველა ერთმანეთს უყურებს და არაფერს აკეთებს! მაინცდამაინც მაგარი აპარატურა სჭირდებათ სიმღერისათვის?! ძალიან არ მინდა, რომ შოუბიზნესში დაბრუნებული კაბუც ასეთი იყოს, მინდა, მართლა გავაკეთო რამე, არავის არაფერს ვპირდები. ვიცი, რომ ძალიან გამიჭირდება ორი საქმის ერთდროულად კეთება, მაგრამ ეს ჩემთვის ჩვეული სიტუაციაა. რა საქმესაც ხელს მოვკიდებ, იმას ხუთიანზე გავაკეთებ!

- გავიგე, ახალ ალბომს წერ...
- მართალი ხარ, ხელი ნამდვილად არ ამიღია სიმღერაზე. უკვე დავიწყე ახალი სიმღერების ჩაწერა. ჩემი ახალი ალბომი განსხვავებული იქნება. მშრალ რიტმებზე "ყეფის" დრო წავიდა, თუ გინდა, ალბომი გაყიდო და ვინმეს მოაწონო შენი შემოქმედების ნაყოფი, რაღაც დადებითზე უნდა იმღერო. ადამიანებს ყოველდღე ახალ-ახალი პრობლემები ესმით და თავი ისედაც გადატვირთული აქვთ ნეგატიური ინფორმაციით, მათ აღარ უნდა დაუმატო "ჭირი". არადა, აიღებ კალამს და ცუდის მეტი არაფერი მოგდის თავში... მაგრამ ხომ შეიძლება, ცუდთან ერთად, კარგიც დავინახოთ! მუდამ ცუდ და დეპრესიულ ხასიათზე ყოფნა ხომ არ შეიძლება?! ყველაფრით შეიძლება კაიფის დაჭერა ამ ცხოვრებაში, იმის გარდა, რითიც დღეს კაიფობენ!

ძალიან მწყდება გული, რომ ქართველი ახალგაზრდები წამალს თავს ვერ ანებებენ, მე კი მოვახერხე და შეუძლებელი არაფერი გამიკეთებია. ყველას შეუძლია, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს! დღეს გაცილებით საინტერესო გახდა ცხოვრება, ბევრი კარგი რამის გაკეთება და სწავლა შეგვიძლია. პროექტ "ნიჭიერში" პატარა მარიამ კახელიშვილი რომ მონაწილეობს, ხომ იცი?.. ბავშვს სამჯერ არ გაუმართლა, მაგრამ მაინც სცადა კიდევ ერთხელ ბედი! ვენაცვალე მაგ ბავშვს, ყველაზე მაგარი ადამიანია, იმიტომ, რომ "ცხოვრებას აწვება" და მიეცა კიდეც საშუალება, საკუთარი ნიჭი გამოევლინა.

ვიცი, ბევრს მართლა ძალიან უჭირს, მაგრამ მივიჩნევ, რომ რაც მეტს იწუწუნებ და ილაპარაკებ პრობლემებზე, მით უფრო მეტი პრობლემა შეგექმნება! რაც უფრო მეტ კარგს ვილაპარაკებთ, ვიფიქრებთ და დავგეგმავთ, მით უფრო აგვისრულდება. ცხვირჩამოშვებული და გაბოროტებული ადამიანები არავის მოსწონს! ბოლოს და ბოლოს, რაღაც კარგის დანახვა ქუჩაშიც შეიძლება! ლამაზი გოგონა რომ გამოივლის და შემოგხედავს... ესეც ხომ კარგია! საქმე უნდა ვაკეთოთ და თან გავერთოთ მე რომ ვიარო, უკან ხალხი მომდევდეს და ვსკანდირებდეთ, - "არაფერი გვეშველება!" - მართლა არაფერი გვეშველება და დავრჩებით ასე. ყველამ რაღაც უნდა ვაკეთოთ იმისათვის, რომ გვეშველოს.

არ მჯერა იმათი, ტელევიზიით რომ გამოხტებიან და გამწარებულნი ილანძღებიან; რომ ჰკითხო, ისინი გადაგვარჩენენ! საქართველოს იფიცებენ და სამშობლოს გადასარჩენად ხელიც არ გაუნძრევიათ! ომი წავაგეთო, რომ ამბობენ, რომელი ერთი იყო ომში?! სახლში ისხდნენ და "პამპერსები" ეცვათ, შიშისგან შარვალი რომ არ დასვროდათ! გული მწყდება დაღუპულ ბიჭებზე, შეიძლება, ისინი მართლაც, ვიღაცების ინტერესებს შეეწირნენ, მაგრამ გმირები არიან და არც ერთი ომი არ შეიძლება, უაზროდ მივიჩნიოთ, როდესაც საქმე საკუთარი სამშობლოს ინტერესების დაცვას ეხება. არ შეიძლება სახალხოდ ბევრ რამეზე კივილი, ამას პატარები ისმენენ. ტყუილზე ბავშვების აღზრდაც დაუშვებელია. მთავარია, პატარებს ვასწავლოთ კარგისა და ცუდის გარჩევა და დასკვნებს თავად გამოიტანენ, რა არის კარგი და რა - ცუდი!

- შედარებით დამშვიდებული ხარ: გქონდა პერიოდი, როდესაც მძაფრი პროტესტი გამოხატე წინა ხელისუფლების მიმართ...
- მე პროტესტი ყოველთვის მაქვს. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ყველაფერი მოსწონს ამქვეყნად. "საქართველოო ლამაზო" - იმიტომ ჩავწერე, რომ დავიხრჩვი "კერასინკის" სუნით. სახლში მისვლა არ მინდოდა. მანქანებს იმის მიხედვით ვარჩევდით, რაც უფრო მაღალი "პასადკა" ჰქონდა, იყო თუ არა გამძლე, რომ ორმოებში სიარულისას არ დაშლილიყო... მეტის მოთმენა აღარ შემეძლო, ავდექი და პროტესტი გამოვთქვი!.. საერთოდ კი, რაც ადამიანს ემართება, მხოლოდ მისი ბრალია. ჩვენივე უბედურებაში თავად ვართ დამნაშავენი და არასოდეს უნდა გადავაბრალოთ ჩვენი უუნარობა სხვას.

- სავარაუდოდ, შენი ალბომი ოპტიმიზმით აღსავსე იქნება.
- ჩემი ალბომი ისევ ისეთი სიმართლის მღაღადებელი იქნება, როგორიც ადრე იყო, მაგრამ ეს სიმართლე ცოტა სხვა კუთხით იქნება დანახული. უფრო უკეთესი კუთხით შევხედავ ყველაფერს, თორემ ყელში ამოვიდა ამდენი წუწუნი! "ჩვენ დღეს გაზი და დენი გვაააქვს!" - ცხადია, ამის მღერას არ დავიწყებ! იმიტომ, რომ დენითა და გაზით არ შემოვიფარგლებით, მეტზე გვაქვს პრეტენზია.

- მით უმეტეს, რომ ხშირად გვახსენებენ, - დენი და გაზი გაქვთო...
- არის და ვერც მიედავები, გააკეთეს და ამბობენ კიდეც (იცინის)... რა გააკეთეო?! - ყელში რომ ეცემი, ისიც გეტყვის, რაც გააკეთა, ასე არაა?! დამიჯერე, არც ბარაკ ობამა ეხმარება რამით ბრონქსში მიგდებულ ზანგს. დემოკრატია ასეთი "როჟაა" - ამბობს, ყველამ საკუთარ თავს თავად უშველოსო! კომუნისტები უმუშევრებს შველოდნენ, გარეთ თუ იჯექი, - რატომ ზიხარ აქო?! - გეკითხებოდნენ და მაშინვე რომელიმე ქარხანაში მიჰყავდი სამუშაოდ. ახლა, არ გვინდა კომუნიზმიო, გავიძახით; აგერაა კაპიტალიზმი და თავად დასაქმდი, კაცო (იღიმის)!.. ყველა ქართველს რატომღაც, მედიცინის დოქტორობა უნდა და ასე სადაა?! ყველა პროფესია საჭიროა და პროფესიონალები გვჭირდება. არ დავლაგდებით მანამ, სანამ ყველა ქართველი სამედიცინოსა და იურიდიულ ფაკულტეტზე შევეტენებით!

- როგორ გგონია - რამდენად დადებითად იმოქმედებს შენი ახალი ალბომი საზოგადოებაზე?
- არ ვიცი. სიმართლე გითხრა, ვერ ვიწინასწარმეტყველებ, ვინ მოუსმენს ჩემს ნამღერს, მოისურვებს თუ არა ჩემი ალბომის შეძენას ბევრი ადამიანი... თუმცა ხანდახან ისეთი ადამიანი მეუბნება, შენი ესა და ეს სიმღერა მაქვს მოსმენილიო, გაკვირვებისაგან ხმას ვეღარ ვიღებ. ერთადერთი კითხვა, რომელიც მებადება, ესაა: ჩემს სიმღერას თქვენ რატომ მოუსმინეთ, ბატონო (იღიმის)?.. იმედი მაქვს, ჩემი ნამღერი ბევრს დააფიქრებს.

- ანუ კაბუ დაგვიბრუნდა?
- კაბუ დიდი ხანია, დაგიბრუნდათ, - უბრალოდ, ბევრი ვერ ხედავდა ამას...

- ბოლო პერიოდში ქართველმა რეჟისორებმა რამდენიმე ახალი ფილმი გადაიღეს, შენც ხომ არ თამაშობ რომელიმეში?
- ჩემი ბოლო ფილმი, "გასეირნება ყარაბაღში 2" იყო. მას მერე კინოში აღარ მითამაშია და სიმართლე გითხრა, ძალიან მომენატრა კამერასთან მუშაობა. ხშირად მთხოვენ რეჟისორები, - თამაში არ გინდა, რაც ხარ სინამდვილეში, ის იყავიო... კაცო, საკუთარ თავს თუ ვითამაშებ, გოგა როგორ ვიქნები?! კაბუ რომ ვითამაშო, ვის მოეწონება?! კაბუ მე არ მომწონს თავად და (იღიმის)... მაგიჟებენ ეს რეჟისორები (იცინის)!

- კაბუ, ახალ ამპლუაში როგორი იქნები?
- კარგი, კეთილი, მხიარული, ჯანმრთელი და ბედნიერი (იცინის)... და რაც მთავარია - ოპტიმისტი! ადრე, როდესაც ვინმე ასე ლაპარაკობდა, მას ვლანძღავდი, - ნახე, როგორ ლაპარაკობს, თითქოს ამას და იმას ვერ ამჩნევდეს-მეთქი, - მაგრამ ისინი უარყოფითსაც რომ ხედავდნენ, მე იმას ვერ ვხვდებოდი.

- ბევრ უარყოფით რამეზე ვისაუბრეთ, ბოლოს ისევ კარგი გვითხარი რამე...
- მე მართლა მჯერა ჩემი ერის და ჩემი ხალხის, ისიც ვიცი, რომ ადრე თუ გვიან, ყველაფერი მართლაც, ძალიან კარგად იქნება. ხომ გაგიგონია, ზოგს რომ უთქვამს, - თუ ახლა არ იქნება ყველაფერი კარგად ჩემ მერე ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილაო! არა ვარ ასეთი ეგოისტი! მთავარია, ჩემი შვილი იყოს კარგად; ჩემი შვილი თუ არა, მისი შვილი და შვილიშვილი ხომ იქნებიან კარგად?! ან - შვილებზე რატომ ვლაპარაკობ?.. მთავარია, ჩემი ქვეყანა იყოს კარგად და მერე ჩემი შთამომავლობაც ბედნიერად იცხოვრებს! კარგი თაობა მოდის და მე მისი მჯერა! ჩვენ რა, კომუნიზმს გადარჩენილი, სისტემას მიჯაჭვული ხალხი ვართ, აი, ჩვენი შვილების თაობა კი მართლაც, თავისუფალი ადამიანები იქნებიან. აი, ნახავთ (იღიმის)!

ნანახია: 1307 | დაამატა: oboba333 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
01.05.2010
Сообщение #1 beqa goqadze (beqson)

eseti seriozuli saitia da erti seriozna dizo daayenet da vidi miecit bliad saits = ]


0" width="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
სახელი *:
Email:
კოდი *:

კალენდარი

«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930

გამოკითხვა

შეაფასე საიტი:
სულ პასუხი: 2966

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0

საიტის მეგობრები