"მიყვარს ცრემლიანი აგვისტო, მზე ჩავიდა, წვიმა დაიწყო..." - ეს ფრაზა კაბუს ახალი სიმღერიდანაა. 19 აგვისტოს, ფერიცვალება დღეს, კახა აბუაშვილი 35 წლის გახდა. საკუთარ დაბადების დღესა და ფერიცვალებას ახალი სიმღერა - "ცრემლიანი აგვისტო" მიუძღვნა. ინტერვიუს დაწყებამდე რეპერმა და მსახიობმა სიმღერა მომასმენინა. სევდიანი და გულგატეხილი მეჩვენა კაბუ, მელანქოლია შემოგპარვია-მეთქი, რომ ვუთხარი, გაბრაზდა, არ არის ეს სიმღერა სევდიანი, ეს აღსარებაა, დრო დადგა, საქვეყნოდ მოვუხადო ბოდიში ჩემს მშობლებსო. კახასთან საუბარი სწორედ ახალი სიმღერით დავიწყეთ.
- ჩემი დაბადების დღის წინა დღე იყო, ჩემს პატარა მეგობართან - კოტიკო ცირეკიძესთან ერთად ვიყავი. კოტიკო რეპს კითხულობს, რეპავს, უყვარს ეს ჟანრი, წყნეთში თავისი პატარა სტუდია აქვს. მითხრა, მოდი ერთი სიმღერა ჩავწეროთო. იქ გაჩნდა იდეა, რომ საკუთარი თავისთვის მიმეძღვნა სიმღერა, ფერიცვალება მიმელოცა ყველასთვის. ახალ წელზე ხომ წერენ სიმღერებს, რატომ არ შეიძლება ფერიცვალებაზეც ვიმღეროთ?! ერთ ღამეში გავაკეთეთ ყველაფერი, ტექსტი, მუსიკა, ჩაწერა. სიმღერას "ცრემლიანი აგვისტო" ჰქვია.
- რატომაა აგვისტო ცრემლიანი?
- იმიტომ, როს სულ ტირის. ამოვა მზე, მერე ჩავა და მალევე წვიმა იწყება. რაღაცნაირი თვეა აგვისტო, აგვისტოში მიდიან დასასვენებლად, აგვისტოს მერე იწყება ცხოვრებაში ახალი ეტაპები, აგვისტოს მერე იღებენ მოსავალს. ერთი სიტყვით, სწორედ ამ თვის მერე ხდება ყველაფერი კარგი და ამიტომაც ტირის აგვისტო. ეს ჩემი თვეა, ღმერთის საჩუქარია, რომ ამ თვეს დავიბადე. ისეთ დღეს დაბადება მაჩუქა ღმერთმა, ამის მერე სულ რომ გამწიროს, არაფერს ვიტყვი. იცი, ღმერთმა რისი უფლება მომცა? რომ ხალხს ჩემი დაბადების დღე მივულოცო და ამისთვის მათ მადლობა გადამიხადონ.
- კაბუ, ამ სიმღერაში ბოდიშს უხდი მშობლებს, რატომ?
- დადგა დრო, რომ რაც ვატკინე და ვატირე, იმისთვის ბოდიში მოვუხადო. ამის არ მრცხვენია, პირიქით - მეამაყება. არ იმსახურებდნენ ჩემგან იმას, რაც გავუკეთე.
- რა გაუკეთე?
- ცუდი რაღაცები. ყველა შვილი მეტ-ნაკლებად გულს სტკენს მშობლებს. ისე, მშობელსაც გააჩნია, მაგრამ ჩემი მშობლები ჩემგან გაბრაზებასა და გულისტკენას ნამდვილად არ იმსახურებენ. თქვენობით უნდა ველაპარაკებოდე ერთსაც და მეორესაც.
- ეს როდის გააცნობიერე?
- ეს სულ ვიცოდი, სულ მახსოვდა, მაგრამ ახლა დრო დადგა, სახალხოდ მოვუხადო მათ ბოდიში. ამით მაინც შევუმსუბუქო ჩემს მშობლებს დარდი, გული მოვულბო, რომ მაპატიონ ყველაფერი. მინდა ვაგრძნობინო, რომ ძალიან მიყვარს. შეიძლება, სიყვარულს ვერ გამოვხატავ, მაგრამ გულის სიღრმეში მართლა ძალიან მიყვარს ჩემი მშობლები. ისეთი ტიპი ვარ, არ შემიძლია მშობლებთან ლამაზი და თბილი სიტყვებით ლაპარაკი. მით უმეტეს, მამასთან. მამა მკაცრია, ძალიან, ძალიან პატიოსანი. მთავარი ინჟინერია, არმატურასა და მსგავს რაღაცებს არ იპარავს და როცა ეკითხებიან, - რატომო, ბრაზობს. ვერ ხვდება, რატომ უჩნდებათ ადამიანებს მსგავსი შეკითხვები.
- შენ თუ მოგიპარავს რამე?
- როგორ არ მომიპარავს! ვაღიარებ, რომ ბევრი რამ მომიპარავს.
- ყველაზე მეტად რას ნანობ?
- იმას, რომ ჩემს მშობლებსა და შვილებს ისეთი რამ დავუშავე, რასაც დიდხანს ვერ გამოვასწორებ. ძალიან კი ვეცდები... საზოგადოებისთვის ბოდიში არ მაქვს მოსახდელი, ჩემი საქციელით არავისთვის მიტკენია გული, მარტო ჩემს შვილებსა და მშობლებს ვატკინე გული.
- საკუთარ თავს?
- მე რა, მე... იმ პერიოდმა ისე გაიარა, აღარც კი მახსოვს.
- ნამდვილად გაიარა?
- კი, ზუსტად ვიცი, რომ გაიარა. ამიტომაც მოვიდა ღვთის წყალობა და ეს სიმღერა დამაწერინა. ამ სიმღერას რომ ვწერდი, ანგელოზები მოვიდნენ და ყურში რაღაც ჩამჩურჩულეს... არ არის ეს ცრემლიანი, სევდიანი სიმღერა, "ცრემლიანი აგვისტო" კი ჰქვია, მაგრამ უფრო აღსარებაა, ჩემიანების მოფერებაა, ფერიცვალების მილოცვაა. დიდი ხანია მინდოდა დედასთვის რაღაც მეთქვა.
- დედამ მოისმინა ეს სიმღერა?
- კი, ძალიან გაუხარდა, ცრემლიც მოადგა თვალზე, მაგრამ მე ვთხოვე, არ იტირო-მეთქი და დამიჯერა.
- კლიპსაც ხომ არ გადაიღებ ამ სიმღერაზე?
- არ მიყვარს კლიპების გადაღება, ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდა გადამეღო კლიპი, მაგალითად, სიმღერაზე - "ამაღამ მე შენთან მინდა", ამიკოს უნდოდა და გადაიღო, თორემ, მე რატომ უნდა მინდოდეს დიდძუძუებიან და დიდტრაკა გოგონებთან კლიპის გადაღება?! არ მიყვარს ეგეთი ქალები. ვიღაც ნაშებსა და მაგარ მანქანებთან რატომ უნდა გადავიღო კლიპი, როცა ჩემი მანქანა ძველია, არც კონდიციონერი მუშაობს და არც მოდელებთან მაქვს ურთიერთობა. არ მინდა ჩემი მსმენელი მოვატყუო, რომ ბევრი ნაშები მყავს. მერე დგანან და რაღაცებს ჭორაობენ ჩემზე.
- ყველაზე უცნაური რა ჭორი გსმენია შენზე?
- ჰომოსექსუალისტობა დამაბრალეს!
- ვა, ეგ მე არ გამიგია...
- კიდევ, ერთმა ჩემმა ყოფილმა მეგობარმა ჰკითხა მეორეს, კაბუმ მართლა დაიწყო წამლის გაყიდვაო?! ის მაგრად სცემეს იმ დღეს, აღარც მინახავს მას მერე.
- ქალები ახსენე და აქვე გკითხავ, დაუბრუნდი ოჯახს თუ ისევ ბოჰემური ცხოვრებით ცხოვრობ?
- არ დავუბრუნდი. უფრო სწორად, ვერ დავუბრუნდი. ბევრი ვეცადე, მაგრამ არ შემირიგდა ჩემი მეუღლე. ერთ დღესაც სასამართლოდან ცნობა მომივიდა, რომ განქორწინებული ვარ. ასე რომ, მარტო ვარ. სამი წელია, ერთად აღარ ვართ. შვილებს რომ ვახსენებდი წეღან, სწორედ ამას ვგულისხმობდი, ჩემს შვილებს მამა წავართვი. მთლიანად არა, მაგრამ მამის ნაწილი მოვაგლიჯე შვილებს.
- როგორია ახლა თქვენი ურთიერთობა?
- ძალიან კარგი, ახლაც ჩემთან არიან აგარაკზე და ყოველდღე ვნახულობ, ვეფერები.
- დეპრესია თუ გქონია?
- კი, მაგრამ რამდენდღიანი, ვერ გეტყვი. ვერც იმას გეტყვი, ამ დროს სიბნელეში ვზივარ მარტო-მეთქი. ჩვეულებრივად ვურთიერთობ ადამიანებთან. ვცდილობ, მათ ჩემი ცუდი ხასიათი არ დავანახვო. თუმცა ასეთ დროს სიმღერაც დამიწერია და ლექსიც, ეს ყველაზე კარგი პერიოდია შემოქმედებისთვის.